გილოცავთ შობას და დამდეგ 2025 წელს!

ძვირფასო მეგობრებო!

გულითადად გილოცავთ ქრისტესშობასა და მოახლოებულ 2025 წელს!

დაე, ამ შობის ბრწყინვალე დღესასწაულმა მოუტანოს ჩვენს უკრაინას გამარჯვება და მშვიდობა, ხოლო თითოეულ ოჯახს - სიმშვიდე, ერთიანობა და ბედნიერება. 

ვლოცულობთ ჩვენი მეომრების სიმამაცისა და ძალისთვის, რომლებიც იცავენ ჩვენს მშობლიურ მიწას, და გულწრფელად გვჯერა უკრაინის გამარჯვების.

დაე, ჩვენმა საერთო ოცნებამ მშვიდობიანი, თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების შესახებ რეალობად იქცეს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის!

დიდება გმირებს!

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს! 

უკრაინის ქართველები – უკრაინელების მხარდამხარ

ჩვენ – უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, როგორც არავის, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის სატკივარისა და განგაშისა. ამ დიდი გამოცდის ჟამს განზე ვერ გავდგებით. 2008 წელს რუსეთის ფედერაცია თავხედურად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს მხოლოდ იმის გამო, რომ მან განვითარების ევროპული და ევროატლანტური გზა აირჩია და თამამად იცავდა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

მტერი, ამჟამად, ჩვენი მეორე სამშობლოს – უკრაინის საზღვრებთანაა და, მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ომს, მზად ვართ უკრაინელების მხარდამხარ დავდგეთ და დავიცვათ ამ თავისუფალი ხალხის თავისუფალი არჩევანი. აგრესორი უეჭველად მიიღებს საკადრის პასუხს!

დღეს უკრაინაში სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვა, არა მხოლოდ ხელისუფლების, უკრაინის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, ერთიანობა გვჭირდება, არ დავუშვათ არავითარი პანიკური განწყობილება!

მოვუწოდებთ ყველა ეროვნების წარმომადგენელს ერთობის, თანხმობისა და ურთიერთგაგებისაკენ, სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინისთვის ბრძოლაში!

დიდება უკრაინას!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ძვირფასო მეგობრებო!
გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბარაქასა და წარმატებას.
დაე, ახალი 2022 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის.
ჯანმრთელობას, მშვიდობას, მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ, საქართველოსა და უკრაინას!
კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იბერიელი" აცხადებს 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა მიღებას

უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისთვის.

სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

 

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას.

სასწავლო პროცესი განახლდება 4-5 სექტემბერს.

 

კიევში ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება

 4 ივნისს, 18:00 საათზე კიევის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ("მარიინსკის" პარკი) ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება.

ტრადიციული, ყოველწლიური ფესტივალი წელს განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, რადგან ეძღვნება კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 25 წლის იუბილეს.

ფესტივალში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ და კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, კიევის ქალაქის ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

გილოცავთ 8 მარტს!

ძვირფასო ქალბატონებო!

 

ქართული დიასპორა უკრაინაში გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს!

 

არ დაიჯეროთ, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს – ის თქვენ გარშემო ბრუნავს, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, მეუღლეებო და მეგობრებო!

 

სილამაზე და სიყვარული, რომლებიც უფალმა გიბოძათ, მსოფლიოს ბოროტებისა და ომებისგან იხსნის, ჩვენი მშვენიერი პლანეტა ხომ ჩვენი სახლია, თქვენ კი უხსოვარი დროიდან მისი კერიის მფარველები ბრძანდებით!

 

რაც უნდა გისურვოთ, მაინც ძალზე ცოტა იქნება, რადგან ამ ქვეყნად არ არსებობს თქვენი ღირსი საუნჯე!

 

ამიტომაც ჩვენ, მამაკაცები, ყვავილებსა და ჩვენს გულებს გიძღვნით, რათა სიხარული მოგანიჭოთ.

 

გმადლობთ ყველაფრისათვის!

№25
№24
№22-23
22 ნოემბერს კიევში ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი გაიხსნება

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი გაიხსნება. ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი კინოთეატრ "ჟოვტენში" საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და ნაჩვენები იქნება დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება და რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.

22-27 ნოემბრის ჩათვლით საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს... 


უკან1 2 3 4 5 6 წინ