10-09-2018, 14:53
უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" ბაზაზე არსებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი უფლებამოსილია გაცნობოთ, რომ ბოლო ხანებში უკრაინაში, კიევში და სხვა ქალაქებში, გახშირდა ინფორმაცია ქართული ცეკვის ე.წ. სტუდიებისა თუ ანსამბლების შექმნის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ ეს თუ სხვა სახის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
რამდენიმე ვაი-სტუდია იყენებს უკრაინაში უკვე კარგა ხნის დაფუძნებული ქართული ცეკვის ანსამბლების ვიდეოფირებს და საკუთრად ასაღებს მათ. ვრცელდება ასევე ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის ქართული დიასპორა სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის მხარდაჭერით მოღვაწეობდეს და ქართული ცეკვის შესწავლის მსურველებს ამ ანსამბლებში იწვევენ.
ჩვენი ორგანიზაცია მკაცრად გმობს და ემიჯნება მსგავს ავანტურისტულ ქმედებებს და მოუწოდებს ყველას, ვისაც გულით სურს ეზიაროს ქართულ კულტურას, უპირველესად, ყურადღებით გადაამოწმოს მსგავსი ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ სტუდიებს საერთოდ არავითარი კავშირი არ გააჩნიათ ქართულ კულტურასთან. ისწავლება საეჭვო ესთეტიკური ღირებულებისა და მდარე გემოვნების მასალა, ცეკვა რომ არც კი ეთქმის… საცეკვაო კოსტიუმებიც კი არ შეესაბამება ტრადიციულ ქართულ სამოსს.
თავს ვალდებულად ვრაცხთ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ საზოგადოება, რომ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს უბრალო ფინანსურ ავანტიურასთან. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ ვინმეს შეუზღუდოს ასეთი სტუდიებისა თუ ანსამბლების ჩამოყალიბების უფლება. თუმცაღა, დიახაც მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რათა სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და გადაამოწმონ მსგავსი ორგანიზაციების ლეგალურობა და მათი საქმიანობა უკრაინაში, რათა ქართული კულტურა დავიცვათ ავანტიურისტებისაგან. ეს ყველა ჩვენგანის წმიდათაწმიდა ვალია!
კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც საქვეყნოდ აღიარებული, გამოცდილი, დამსახურებული პედაგოგები მოღვაწეობენ, უკვე 20 წელზე მეტია ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას უკრაინაში. ჩვენი ორგანიზაცია მოღვაწეობს უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და უკრაინის კულტურის სამინისტროს სრული მხარდაჭერით.
ვისწავლოთ ქართული ენა და ქართული ცეკვა დამსახურებული ქართველი პედაგოგებისგან, რომელთაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება.
პატივისცემით,
უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი"
კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი