18-07-2017, 16:01
უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია” განცხადებას ავრცელებენ.
"რამდენიმე თვეა, კიევში ახალი ქართული სკოლის გახსნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამავე, საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ეპატიჟებიან ქართული ენის სპეციალისტს. გვსურს, ყველა გავაფრთხილოთ - ნუ წამოეგებით ავანტიურისტების ანკესს. ეს სავსებით უაზრო წამოწყებაა, რომლის ავტორებს სინამდვილეში სხვა, შორს მიმავალი პირადი ინტერესები ამოძრავებთ, ვიდრე ქვეყნის და ადამიანთა ბედი.
კიევში, 20 წელიწადზე მეტია, არსებობს ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ასაკის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეისწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, რელიგია, ფოლკლორი თუ ქართული სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება.
მხოლოდ ქალაქ კიევში, უკანასკნელი მონაცემებით, 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქართველები გაფანტულები არიან ამ უზარმაზარ ქალაქში და რამდენიმე სკოლის გახსნა ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ისე, რომ ყველას ხელმისაწვდომ ადგილას, საკუთარ რაიონში ჰქონდეს ქართული საკვირაო სკოლა – ფაქტიურად შეუძლებელია და არარეალური. რაც შეეხება ერთ საერთო, სრულყოფილ სკოლას – ეს უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში შეიქმნა და იურიდიულად გაფორმდა არაერთი ე.წ. დიასპორული ორგანიზაცია, რომლის მესვეურებს უფრო პირადი ინტერესები ამოძრავებდათ და ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, მუდმივი გაურკვევლობებისა და კონფლიქტების გარდა, არავითარი სარგებელი, უკრაინაში მცხოვრები ქართველებისა თუ მითუმეტეს, საქართველოსთვის, მათ არ მოუტანიათ. უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია” – ძირითადი დიასპორული ორგანიზაციებია უკრაინაში. ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის 16 საოლქო წარმომადგენლობის მიერ, უკრაინაში არაერთ კარგ ქართულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი დიასპორის წევრები უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს და მომავალშიც ენერგიას არ დავიშურებთ, ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერი ფასეულობები მეგობარ უკრაინაში. სამწუხაროა, რომ ჟამიჟამ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი ამბიციები, შორს მიმავალი პირადი მიზნები ამოძრავებთ და საჭიროების შემთხვევაში, დიასპორას, საკუთარი მიზნის განსახორციელებლად გამოსაყენებელ ინსტრუმენტად აღიქვამენ", - აღნიშნულია განცხადებაში.