ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ შეიქმნა 2003 წ. ქ. კიევში ქართული საკვირაო სკოლის (1996 წ.) ხალხური ცეკვის წრის (2001 წ.) ბაზაზე. სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონი მაკა ლომსაძის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად ანსამბლმა მალე მოიპოვა პოპულარობა.


„იბერიელის“ რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ფოლკლორს: „ფარცა“, „დავლური“, „ქართული“, „აჭარული“, „სამაია“, „ხორუმი“, „ნარნარი“, „რაჭული“, „ხევსურული“, „ძველი თბილისი“, „სიმდი“, „ლაზური“, „ილოური“, „მთიულური“, „ყაზბეგური“, „სვანური“ , ანსამბლის რეპერტუარში ასევე იხილავთ განახლებულ ქართულ ცეკვებსაც «შეხვედრა მთაში”, სამანი“, „კავკასიური“, „ცდო“, „ზეკარი“, „ჯუთა“ რომლებიც ანსამბლის ქორეოგრაფის მიერ ახალი ელემენტების გამოყენებით არის დადგმული.


დღეისათვის ანსამბლს ჰყავს ორი თაობა – უფროსი და უმცროსი.
ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელის“ ორივე თაობა წარმატებით ახორციელებს უკრაინაში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. განვლილი წლების განმავლობაში „იბერიელმა» არაერთი საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ შემოქმედებით არქივს არაერთი ჯილდო თუ პრიზი შეჰმატა, მათ შორის: ეროვნული შემოქმედების ფესტივალი „მშვიდობა კავკასიას“ (2003 წ.), ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ფესტივალი (2004 წ.), მსოფლიოს ხალხთა ცეკვის ფესტივალი (2006 წ.) საერთაშორისო ეთნოფესტივალი (კიევი, 2007 წ), პირველი ეროვნული კულტურის ფესტივალი „სუცვიტია“ (2008 წ.), საერთაშორისო ეროვნული კულტურის ფესტივალი „ფოლკლორამა“ (2008 წ.), ხალხური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი „მისტერია ტანცა“ (2009 წ.), მსოფლიო ერების ცეკვები –უკრაინის ცეკვის ფედერაცია (2009 წ.), ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „კოროლევსკი რუშნიკი“ (2010 წ.), ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი (2010 წ.), საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენა ვართ – უკრაინა“ (2011-2013-2015 წწ.), ამატორული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ArtTalentFest“ (2011-2016 წწ.), საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „უკრაინა აერთიანებს მსოფლიოს“ (2016 წ.) და სხვა მრავალი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლის ხელმძღვანელს მაკა ლომსაძეს 2011 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 2013 წლის მაისში კი ანსამბლ „იბერიელს“ უკრაინის სახალხო ამატორული კილექტივის წოდება მიენიჭათ. ანსამბლის უფროსი (26 წევრი) და უმცროსი (25 წევრი) თაობები სისტემატიურად განაგრძობენ მუშაობას ძველი ეროვნული ცეკვების დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე თანამედროვე, ახალი ილეთების შესწავლაზე. „იბერიელი“ ასევე მონაწილეობს უკრაინის სამთავრობო ღონისძიებებში, მათი მონაწილეობით გადაღებულია 3 დოკუმენტური ფილმი.