ლავრას შეფარებული ქართული სული
„საქართველოდან გადახვეწილ ქართველთ ერთი ზრუნვა უნდა ჰქონდეთ გულში და ერთ საქმეს უნდა ცდილობდნენ, იმას, რომ სჯულის აღსრულება ჩვეულებად გადაექცეთ მათ და მათ მოდგმას. თუ ღვთის მცნება დაბეჭდილი არა აქვს კაცს გულში, და მისი აღსრულება არ გარდაქცეულა ბუნების მოთხოვნილებად, მაშინ სჯული ღვთისა არა აქვს მას მითვისებული“ – აგერ, უკვე ათი წელიწადია, წმინდა მღვდელმთავრის, იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის (1825–1896) ეს სიტყვები გვასაზრდოებს პეჩერსკის ლავრაში ყოველთა პეჩერსკელ ღირს მამათა ტაძარს შეფარებულ ქართველებს, ამ სიტყვების შესრულებას ვცდილობთ ჩვენი მოძღვრის, დეკანოზ კახაბერის, სულიერი წინამძღოლობით.
უკვე მეათე წელია, სწორედ ამ სითბოსა და სიყვარულის განაწილებას ცდილობს აქაური ქართველებისთვის ყოველთა პეჩერსკელ ღირს მამათა ტაძარში პატრიარქის კურთხევით მოვლინებული დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე, მამა კახაბერი, რომელიც დაუღალავად აღავლენს წირვა-ლოცვას ამ მადლით მოსილ ტაძარში და ჩვენთან ერთად შესთხოვს მამაზეციერს სამშობლოში დაბრუნებას.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა თამარ მეფის სახელობის კიევის სამრევლოს რელიგიური თემი“ – ასე ჰქვია ჩვენს ქრისტესმიერ ერთობას და მისი მფარველობის ქვეშ მოვდივართ სამშობლოსაგან მოწყვეტილი ქართველები დღემდე. ღვთის მადლით, დღითიდღე ვიზრდებით და ვმრავლდებით დედა ეკლესიის წიაღში. სამრევლოს ღირსეული წევრები სტიქარით შეიმოსნენ, მგალობელთა გუნდი შექმნეს, ისწავლეს მედავითნეობა. კეთილ საქმეში უფალი გვეხმარება და ვძლიერდებით. ტაძარში წირვა-ლოცვაზე ქართველებთან ერთად უკრაინელებიც მოდიან. ბევრია შერეული ოჯახი, მოძღვრის მიერ ჯვარდაწერილ უკრაინელ დედათა და ქართველ მამათა შვილები აღსარებას უკვე ქართულად აბარებენ მამა კახაბერს. გასულ წელს, რუსეთის აგრესიის შემდეგ, დონეცკიდან და ლუგანსკიდან დევნილი ქართული ოჯახებიც შემოგვემატნენ. ასე შეიქმნა მამა კახაბერის მზრუნველობითა და ლოცვა-კურთხევით დიდი და მეგობრული ქრისტიანული ერთობა. იცით რა საოცარი გრძნობაა, როცა ღვთის სახლში ლოცვაზე მისულს შენს მშობლიურ ენაზე მლოცველი მამა გელოდება და ტაძრის კართან მიახლოვებულს ქართული გალობა გესმის? – ამას მხოლოდ ემიგრანტი თუ გაიგებს. ეს იგივეა ყოველ შაბათ-კვირას, უფალთან ერთად სამშობლოსაც რომ მოუდრეკ მუხლს, მოეფერები, მოესიყვარულები და კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ძალამოცემული შეებრძოლები ცხოვრებას. გულში კი იმედის ნაპერწკალი გიციმციმებს და გიხარია. გიხარია რადგანაც იცი, რომ წინ მეშვიდე დღე გელოდება, დღე, როდესაც მთელი კვირის შრომით დაღლილს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სიყვარულით შემოგვეგებება საკურთხეველთან და როგორც ორი ათასი წლის წინათ, ზუსტად ისევე გვეტყვის: ...... „მშვიდობა ყოველთა“!!!.....
P.S. წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველთა პეჩერსკელ ღირს მამათა ტაძარში (ქ. კიევი, ლავრის 15, მახლობელ მღვიმეებში ჩასასვლელთან):
ლოცვა იწყება შაბათს 16 საათზე, წირვა კი – კვირას 9 საათზე. ასევე აღევლინება მღვდელმსახურება ყველა საუფლო დღესასწაულზე, ტარდება ნათლობა და ჯვრისწერა.