1-2 ოქტომბერს კიევში რიგით მეხუთე „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება

30-09-2016, 14:47

1-2 ოქტომბერს კიევის ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია"-ს, უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი"-ს და პიარ-სააგენტო "G.E.M." ორგანიზებით ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება.


ორი დღის განმავლობაში თეატრ „კოლესო“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე სტუმრების წინაშე წარსდგებიან ქართველი და უკრაინელი არტისტები: ჯგუფი „სოლომია“, ანსამბლები „იბერიელი“ და „იბერია“, „ქართული ხმები“, შმაგი თაღიაშვილი, ბალეტი „Georgia”. ასევე გაიმართება საცეკვაო ფლეშმობი, რომელში მონაწილეობასაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ.


პარალელურად, ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმარეთება ქართველი მხატვრების მაკო ბათიაშვილის, ლევან მინდიაშვილის, ირაკლი ბუღიანის, ნიკა სანხაბერიძისა და მაია სუბმაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველივე დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ იქვე მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოში.


ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულთათვის, ბულგაკოვის სახლ-მუზეუმიმში სტუმრებს დიდი უკრაინელი მწერლის საქართველოსთან კავშირზე მოუთხრობენ.
მოგზაურობის მოყვარულებს, ქართული კურორტების შესახებ სასტუმრო „ვოზდვიჟენსკის“ ეზოში უამრავ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან, სადაც ასევე საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება.


ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება უამრავი მასტერკლასი, პერფორმანსი სიზმრების მუზეუმისგან.


ცნობისთვის, საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მეტად გარკვეულებს შანსი ექნებათ მოიგონ საგზური საქართველოში კომპანია „ილვი ტურისგან“, ან ბილეთი თბილისში, ფასდაკლებასთან ერთად ავიაკომპანია „Atlas Global“-ისგან.


შეგახსენებთ, რომ ფესტივალი გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში 01.10-დან 02.10-ს ჩათვლით. პროგრამის დასაწყისი 12:00-დან 19:00-მდე.


ღონისძიებების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო უკრაინაში.