კიევში ახალი ქართული კინოს XIII ფესტივალი გაიმართება

26-11-2017, 14:20

კინოთეატრ "კიევში" 26-დან 28 ნოემბერის ჩათვლით, ახალი ქართული კინოს XIII ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით იმართება. 
კინოფესტივალის ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი".
დღეს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, მასმედიის წარმომადგენლებისათვის, ასევე ქართული ცეკვების სახალხო ანსამბლ "იბერიელისა" და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებისა და მომღელების მონაწილეობით მინი-კონცერტი გაიმართება. 
ფესტივალს 26 ნოემბერს რეზო გიგინეიშველის მხატვრული ფილმი "მძევლები" გახსნის, რომელიც 1983 წელს საქართველოში მომხდარ ამბავს ეხება, როდესაც ახალგაზრდებმა საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით თვითმფრინავი გაიტაცეს.

ნაჩვენები იქნება ასევე დოკუმენტური ფილმი "მე გადავცურე ენგური", რომელშიც ასახულია ომი აფხაზეთში და ომის შემდგომი პერიოდი. 

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელზე - "სევდის ანგელოზები". 

კინოფესტივალს დაასრულებს ფილმი "ლუკა", რომელიც აფხაზეთის ომის ფონზე სვანი ქალის ლილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.


კინოფესტივალის გახსნას უკრაინის ხელისუფლების, საქართველოს საელჩოსა და სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები,  ასევე ცნობილი უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრებიან.