2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა

8-08-2017, 07:30

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალის მხრიდან იბომბებოდა ქართული სოფლები, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი 8 აგვისტოდან დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართული ჯარის შენაერთებმა ცხინვალის დაკავება სცადეს, მაგრამ რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ობიექტებსა და აეროდრომებზე მიიტანა. იბომბებოდა ქალაქი გორი, ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორია.

რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეთანხმდა, თუმცა რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს დღემდე არ ასრულებს.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 19 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება რამდენიმე ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილად ითვლება.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით და 26 აგვისტოს კი კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი დღემდე დროდადრო იცვლება. „სამხრეთ ოსეთთან“ გაკეთებული ბანერი წარწერით «Республика Южная Осетия»  საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა.

უკრაინის ქართული დიასპორა საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ საომარ აგრესიას და ოკუპაციის პროცესს.

ჩვენ გვახსოვს 08.08.08!!!