კიევში ქართული კულტურის VIII ფსტივალი გაიმართება

28 მაისს კიევში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას" ორგანიზებითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართული კულტურის რიგით VIII-ე ფესტივალი გაიმართება.

"უკრაინაში პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაარსების 20 წლისთავის აღნიშვნის შემდეგ, ჩვენ უფრო გულმოდგინედ შევუდექით უკვე ნაცნობი და ახალი პროექტების რეალიზებას. ეს არის ქართული კინოს ფესტივალი, „თბილისობა“ ადრეევსკზე, ჟურნალი „საქართველო“, ქართული ეროვნული სამოსის დღე და რა თქმა უნდა, ქართული კულტურის ფესტივალი. წელს, ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართული დიასპორა უკრაინაში, აქტიურად ავითარებს ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას, ხელოვნებასა და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვხსნით კარებს მათთვის, ვისაც სურს შეიგრძნოს ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

ფესტივალში, რომელიც კიევის ოფიცერთა სასახლეში გაიხსნება, მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“, უკრაინის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი, შემსრულებლები - შმაგი თაღიაშვილი, ქეთი შამუგია და სხვები. ასევე, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად ღონისძიებისთვის საქართველოდან მოწვეული ეთნო-ჯაზ კოლექტივი - IRIAO, რომელიც ცნობილია საქართველოში, ლიტვაში, ესტონეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ინდონეზიასა და აშშ-ში. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული ნაკეთობების გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი და უკრაინისა და სქართველოს მთავრობების სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება კიევის ოფიცერთა სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.